ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
26-05-2025

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ყველა ქართველს ვუსურვებ ბედნიერ, წარმატებულ მშვიდობიან, გამარჯვებულ ქვეყანაში ცხოვრებას. 

დამოუკიდებლობა - ეს არის საყოველთაო მონაპოვარი და იდეა, რომლის გარშემოც ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ. ეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან საქართველო, ისევე როგორც ძალიან ბევრი ერი, საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ჩვენი, დამოუკიდებელი  ქვეყანა.  უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ჩვენგანს, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა, მშვიდობა და წინსვლა შევინარჩუნოთ“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა განსაკუთრებული მონაპოვარია, მაგრამ მისი გაფრთხილება და შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. 

„ვფიქრობ, ბოლო წლებში წარმატებით გავართვით თავი და შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენიტეტი - გვაქვს ქვეყანა, რომელსაც დღეს აღიარებენ და რა თქმა უნდა, ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებაში წარმატების ფონზე ეს აღიარება, ეს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება“ - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, დავინახეთ, რომ დამოუკიდებლობა, უბრალოდ, ფორმალურად, ქაღალდზე ქვეყნის დამოუკიდებლობას არ ნიშნავს. მისი შეფასებით, ეს არის სუვერენიტეტი სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ღირებულებები,   რომლებიც დამოუკიდებლობაშია წარმოდგენილი, შენარჩუნდეს - მათ შორის, ეს არის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულება, მემკვიდრეობა, ფასეულობები, რომლებსაც დაცვა და  გაფრთხილება სჭირდება.

„ერთობით, მონდომებით, ერთსულოვნებით შეგვიძლია არამარტო შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, არამედ გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა, საქართველოს აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. ეს თითოეული ჩვენგანის მიზანია და ჩვენ ამ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ბოლომდე მივაღწევთ“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს გაერთიანება, სუვერენიტეტის შენარჩუნება და გამყარებაა, კეთილდღეობა, წინსვლა და სიღარიბის სრულად დაძლევა. „ეს არის უმთავრესი მიზნები, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს და საერთო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ეროვნულ იდენტობას და თვითშეგნებას კიდევ უფრო გაამყარებს!“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში წელსაც რამდენიმე რეგიონში საინტერესო, მრავალფეროვანი პროგრამით იყო წარმოდგენილი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ. მათ შორის - ქუთაისში იყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და „საქართველოს ფოსტის“ მიერ მოწყობილი სივრცეები, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდში, ენერგეტიკოსები კი ოზურგეთში იყვნენ წარმოდგენილი. ასევე ხონში - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ფოთში - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.